05 აპრილი 2013
,, რუსების აზრით, ჩვენ თურმე ახლა რუსეთის ტერტორიაზე ვიმყოფებით. აქ შარშან მიწის დამუშავება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, წელს კი მოსახლეობას რუსმა სამხედრო პირებმა ადგილობრივ მოსახლეობას აუკრძალეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ჩვენ რეგიონში, როდესაც სოფლები გაიყო, როდესაც ადამიანებს ეზოში მავთულხლართები გაუბეს, ახლა კი შეეზღუდათ ადამიანებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისვლა. მე მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში, რათა უფრო მეტად იყოს დაცული აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესები,“ განაცხადა ზურაბ ჩეიძემ. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა მათ მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს და კუთვნილი მიწის ფართობების დატოვება მოსთხოვეს. საუბარია დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ფართობზე, რომელიც ესაზღვრება ოსურ სოფელ არცევს.