Logo

გორის დღე - 2018“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

01 ოქტომბერი 2018

გორში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა „გორის დღე - 2018“. მთელი დღის განმავლობაში, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ისე გორის ციხესა და კულტურულ დაწესებულებებში.
სტუმრების უპრეცედენტო რაოდენობას უმასპინძლა ა. წერეთლის ქუჩაზე მოწყობილმა აგრო-ფესტივალმა. გორელებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა ადგილზე წარმოებული პროდუქცია დაეთვალიერებინა, დაეგემოვნებინა და შეეძინა.


გორის სტუმრებს შორის იყვნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი - სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის, გურიისა და იმერეთის გუბერნატორები, ასევე, ელჩები და სხვა ოფიციალური პირები. შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის სტუმრებს მადლობა გადაუხადა დღესასწაულის აღნიშვნისა და ღონისძიებებზე დასწრებისთვის. თავად კი დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გორელებს მიულოცა: „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე - განსაკუთრებულად, გორელებს! ჩვენს გარშემო ძველი გორია გაცოცხლებული თავისი კულტურითა და ტრადიციებით. გორის დღეს ამ დრომდე თქვენთან ერთად, როგორც რიგითი გორელი, მეც აღვნიშნავდი, თუმცა წელს პირველად მხვდა წილად პატივი პირადად და გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი დღე თითოეულ თქვენგანს. მინდა ხვავი, ბარაქა და მშვიდობა გისურვოთ! მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, ჩემი და თქვენი ერთობლივი მუშაობით, ჩვენს ქალაქში უკეთეს გარემოს შევქმნით!“ - მიმართა მხარის გუბერნატორმა გორის მოსახლეობას.


დღესვე, რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ გელა რომელაშვილის ოჯახს გორში 3-ოთახიანი ბინა გადასცა.
დღის ბოლოს, ერისთავის თეატრში, ტრადიციულად, საპატიო გორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს, გორის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის 7 ადამიანი დაჯილდოვდა. გორის საპატიო მოქალაქის წოდება ქეთი მელუას მიენიჭა. გორის დღის აღნიშვნა გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით დასრულდა.