Logo

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონების გაზიფიცირების საკითხები განიხილეს

12 ოქტომბერი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. სამუშაო შეხვედრას, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. ასევე, იმყოფებოდნენ რეგიონის ყველა გუბერნატორი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ეკონომიკის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და სემეკის ხელმძღვანელები.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ობიექტის არსებული სტატუსისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დასრულებულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, არ ხდება გაზის მიწოდება, მაგალითად - ლიცენზირების საკითხი სემეკში ან ქონების გადაცემის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში გადის შესაბამის პროცედურებს. ჩვენი ჩართულობითა და ამ უწყებების კოორდინაციით მივაღწიეთ იმას, რომ ეს პროცესები და შესაბამისად, ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება დაჩქარდება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მელიორაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს, გუბერნატორებს ამ მიმართულებით, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.