Logo

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

21 ნოემბერი 2018

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მდებარე 17 სოფლის ჭაბურღილი, საქლორატოროები და სადაწნეო მილსადენი. სამუშაოების მეორე ეტაპი 2019 წლის თებერვლიდან დაიწყება. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი შენგელიამ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან - სიმონ გულედანთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა.