22 ნოემბერი 2018
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, გიორგი ჯიბლაძესთან და ადგილობრივი თვითმართელობის წარმომადგენლებთან ერთად, საწარმო გახსნეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო - „ხილის ქაღალდის კომპანია“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 1 013 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405 000 ლარი გრანტია, ხოლო 507 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოში, წლის განმავლობაში, 7 500 ცალი ტყლაპი, 25 000 ჯანჯუხი და 14 000 კილოგრამი მურაბა იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, მისი ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადგილობრივია დასაქმებული. მომავალ წელს, კომპანიაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, დაგეგმილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 22:000 დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან - დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.