26 ნოემბერი 2018
„საპარტნიორო ფოდის“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული პროდუქციის საწარმოს „კერამიკა ელ ტორენტეს“ მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მხარდაჭერით ხორციელდება. აგურის ქარხანა 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება და ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. აშშ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმას, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ადგილობრივი, მომავალში კი საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდებას გულისხმობს.
საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს დღეს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ ხელმძღვანელმა ხოსე ანტონიო ილლესკას ლოპეზმა და ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ დირექტორმა ზურაბ ერქვანიამ მოაწერეს.
მეტეხის კერამიკული პროდუქციის ქარხანა აღიჭურვება პარტნიორი ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, დანადგარებით და ტექნიკით. გამოყენებული იქნება კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.