Logo

დაგროვებითი პენსიის შესახებ გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04 დეკემბერი 2018

დაგროვებითი პენსიის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს გორში გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რეგიონის საჯარო სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიდნენ. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტში ჩართული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს შეკრებილებს. კერძოდ, რეფორმის მიხედვით, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მოქალაქეების თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგნაირად - დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. ამგვარად, ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი ხელფასის 6% დაიზოგება.შეხვედრის ძირითად მიზანს საპენსიო რეფორმის მნიშვნელობისა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის წარდგენა და რეფორმის ფართო აუდიტორიაში კომუნიკაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. საინფორმაციო შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის უპირატესობებსა და მოსახლეობის სარგებელზეც გაამახვილეს ყურადღებას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.