Logo

რეგიონის ფერმერებს ყინვის საწინააღმდეგო სისტემები გააცნეს

19 დეკემბერი 2018

გორში რეგიონის ფერმერებთან ყინვის საწინააღმდეგო სისტემების პრეზენტაცია მოეწყო. ბელგიურმა კომპანია ,,აგროფროსტმა“ შეკრებილებს უახლესი წარმოების დანადგარი წარუდგინა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ყინვის უარყოფით ზემოქმედებას ხეხილსა და კენკროვან კულტურებზე. საგაზაფხულო ყინვა საგრძნობლად აზიანებს მოსავალს, რისკების შემცირებისთვის კი საჭიროა დროული პრევენცია. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული ხელი შეუწყოს ფერმერებს სრულყოფილი მოსავლის მიღების პროცესში. მათ შეუძლიათ პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამის 40%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ.
კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა არნო კლაიბურგმა შეხვედრაზე შეკრებილებს დეტალურად გააცნო სისტემის ინსტრუქცია. პრეზენტაცია გაიმართა ხეხილის ბაღშიც, სადაც ფერმერებს საშუალება ჰქონდათ ენახათ დანადგარის მუშაობის პრინციპი. 
შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები და რეგიონის ფერმერები ესწრებოდნენ.