Logo

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების წამომადგენლებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს

26 იანვარი 2019

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებმა, მუნიციპლაიტეტის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტთან დაკავშირებული პროექტები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის 9 მილიონი, ხოლო ქარელისთვის მუნიციპალიტეტისტვის - 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მიმდინარე წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობა, სოფელს ბიჯნისის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ ვაყას გზის რეაბილიტაცია, ხაშურში და დაბა სურამში სანიაღვრე არხების მოწყობა, ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. წელსვე, მოხდება მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ფასადებისა და სახურავების რაბილიტაციაც.

ქარელის მუნიციპალიტეტში კი განხორციელდება ქარელის ქუჩების მოსაფალტების სამუშაოები, რუისის სარწყავი-სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ქარელში, სოფელ დირბსა და რუისში საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია, გარეგანათების სისტემა მოეწყობა ზღუდერში, ორთუბანში, ელბაქიაანთკარში, გვერძინეთში, დირბში, დვანში, ფცასა და რუისში. ასევე, დაგეგმილია ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია.

შეკრებილებმა მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის გაზრდაზეც იმსჯელეს. ამ მიზნით, ქარელსა და ხაშურში ფუნქციონირებას ტურისტული საინფორმაციო ცენტრები დაიწყებენ. ეს ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნას და შემდეგ, რეგიონში ტურისტების რიცხვის გაზრდას. 
ანალოგიური შეხვედრები კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებთანაც გაიმართება.