04 თებერვალი 2019
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია. კრებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სოფლის კრებას ხურვალეთისა და ახალი ხურვალეთის მოსახლეობა დაესწრო. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 2 პროექტი დაფინანსდება. სოფელში მდებარე შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, სპორტული დარბაზი მოეწყობა და სამივე დასახლებას მოემსახურება. ასევე, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. ,,მივესალმები მოსახლეობის გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის იდეას. ხურვალეთი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და მნიშვნელოვანია, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუმჯობესებული პირობები ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრებისთვის." - აღნიშნა რწმუნებულმა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.