Logo

კასპის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება აღუდგა.

06 თებერვალი 2019

კასპის მოსახლეობის ძირითად ნაწილს - 1400 ოჯახს წყალმომარაგების მიწოდება დღეს დილიდან აღუდგა. დამატებით, დარჩენილი 83 აბონენტის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაასრულებს, მანამდე ეს ოჯახები წყალმზიდის საშუალებით მომარაგდებიან.

გეოლოგების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიწის ჩამოშლა იმ ძველი მილებიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია, რომელიც წლების წინ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟდა. ამ დროისთვის, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს ჩამოშლილი მიწის მასის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა. პარალელურად, მუშავდება პროექტი, რომლის საფუძველზეც დაიწყება ძველი მილების ჩანაცვლება ახალი ქსელით. დაიწყება დამცავი ჯებირის მშენებლობის სამუშაოებიც.

რამდენიმე დღის წინ, მიწის ჩამოშლის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საფრთხეების დროულად აცილების მიზნით, მიმდებარედ არსებული წყლის ორი რეზერვუარი დროებით დაცალა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფი, პროცესში ჩართული იყო შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და კასპის მუნიციპალიტეტის მერია.

მობილიზებული იყვნენ შესაბამისი უწყებები. მომხდარის გამო წყალმომარაგება მოსახლეობის 30% შეეზღუდა. კომპანია ადგილობრივებს წყალს წყალმზიდების საშუალებით მუდმივად აწვდიდა.