Logo

გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

16 თებერვალი 2019

ისტორიულ გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს, მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აქედან გამოვყოფ გორის ციხეს, სადაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები, ასევე, გორის ციხეზე წლის ბოლომდე შეიქმნება სამუზეუმო სივრცე და საზოგადოების ჩართულობით ვიმუშავებთ კონცეფციაზე, თუ რა ტიპის მუზეუმი შეიძლება მოეწყოს ამ ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტებისთვის დამატებით შექმნის საინტერესო სივრცეს. ასევე, დავათვალიერეთ სურამის ციხე და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დავიწყოთ სურამის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც არქეოლოგიური, ისე საკონსერვაციო“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად იგეგმება.