27 მარტი 2019
შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ადგილობრივ ფერმერს, ალექსანდრე კოპაძეს 150-მდე ძირი ვაშლის ნერგი ჩაუტანეს და მათ დარგვაში დაეხმარნენ. გასული წლის დეკემბერში, ალექსანდრე კოპაძეს ოთხწლიანი მსხმოიარე ვაშლის ბაღი გაუჩეხეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შუამდგომლობით, კერძო სანერგე მეურნეობამ, შპს „კომპლექს-არგომ“ ალექსანდრე კოპაძეს ბაღის აღსადგენად ვაშლის ნერგები უფასოდ გადასცა. სპეციალური ტექნიკით ფერმერს დახმარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.
„შიდა ქართლის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეხილის ბაღების განახლება. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს. ვანდალურად გაჩეხილი ბაღის ადგილას, საერთო ძალისხმევით, ალექსანდრე კოპაძეს ახალი ბაღი ექნება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.