04 აპრილი 2019
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემაში - ,,იმედის დღე" სტუმრად იმყოფებოდა და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი კულტურულ-ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. ,,წელს შიდა ქართლში კულტურული და ტურისტული მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. გადაცემაში ჩვენი საუბარი სწორედ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხს შეეხო. ვისაუბრეთ დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურის, გიორგი მაზნიაშვილისა და ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმების რეაბილიტაციაზე, ასევე, გორის, სურამისა და ახალქალაქის ციხე-კოშკების არქეოლოგიურ და საკონსერვაციო სამუშაოების შესახებ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ, ჩვენი ისტორიისა და კულტურის შენარჩუნება და მოფრთხილება, მეორეს მხრივ კი შიდა ქართლის კიდევ უფრო მიმზიდველ რეგიონად ქცევა, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს. ეს პირდაპირ კავშირშია მომსახურებისა და მრეწველობის სექტორის განვითარებასთან, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნასთან.
გარდა ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა, კიდევ ერთი კარგი სიახლე გვაქვს. გორში ყველამ ვიცით პარკ "ახალბაღიში" მდებარე კოლონადა, რომელიც წლებია საჭიროებს აღდგენა-რეაბილიტაციას. ასევე, მის მიმდებარედ არსებული ტბა, რომელიც ამჟამად არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად დავგეგმეთ, რომ მიმდინარე წელს "ახალბაღში" მდებარე კოლონადების, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, აღდგენა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოწყობა დაიწყება. ქალაქს ნამდვილად სჭირდება კეთილმოწყობილი და ეკოლოგიური გარემო, როგორც ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისთვისა და ზოგადად, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის." - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.