Logo

კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

08 მაისი 2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების წინარეხი-ქვათახევის 4.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული გზა ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

წინარეხი-ქვათახევის გზა წლების განმავლობაში საგრძნობლად იყო დაზიანებული და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტოვანი გზით უწევდა. პროექტის ფარგლებში არსებული საკითხები მოგვარდება და გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 1 ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, მოეწყობა ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები და ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, გაკეთდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. სამუშაოები ამჟამად უკვე დასრულების ეტაპზეა.

წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.