Logo

სამხარეო ადმინისტრაცია არასრულწლოვანთა განრიდებისა და განრიდება-მედიაციის პროცესში ჩაერთვება

10 მაისი 2019

ორგანიზაციამ ,,ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” (RIVG) შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და მისი მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი დაესწრნენ. შეხვედრის მიზანს არასრულწლოვანთა განრიდებისა და განრიდება-მედიაციის პროცესის შესახებ პროექტის შეჯამება და უწყებებს შორის კომუნიკაციის მექანიზმის შექმნა წარმოადგენდა. ორგანიზაციისწარმომადგენლების თქმით, უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრები და მჭიდრო კომუნიკაცია საშუალებას იძლევა შესაბამისმა სამსახურებმა უფრო ეფექტიანად იმუშაონ განრიდებული არასრულწლოვნებისთვის სერვისების განვითარებისა და დანაშაული პრევენციის მიმართულებით. ,,სამხარეო ადმინისტრაცია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურებთან თუ ორგანიზაციებთან კანონთან კონფლიქტში და დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი მოზარდების სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მოხდეს მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებაში მათი სრულფასოვან წევრებად დაბრუნება. აღნიშნულ პროცესში კი მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების და ზოგადად, საზოგადოების ჩართულობა“ - აღნიშნა რწმუნებულმა. შეხვედრა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ დაფინანსებული პროექტის, - „შიდა ქართლის რეგიონში განრიდებული არასრულწლოვნების უწყვეტი სერვისებით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზით“, - ფარგლებში ჩატარდა.