Logo

შიდა ქართლის რწმუნებული გორში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

15 მაისი 2019

ქალაქ გორში კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ქალაქის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან იოსებ მაკრახიძესათან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. 
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სკვერების მოწესრიგება და გამწვანება, რეაბილიტაცია უტარდება ბორდიურებსა და მოაჯირებს, ასევე, კაპიტალურად მოწესრიგდა მიწისქვეშა გადასასვლელები. გორის ცენტრში განთავსდა დეკორატიული ქოთნები, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყვავილები დაირგო, ტროტუარებზე არსებული ნარგავების ძირში კი ნიადაგი სპეციალური საფარით - წითელი მულჩით დაიფარა. ,,მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი მოწესრიგებული და მიმზიდველი იყოს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის, მით უფრო, რომ ზაფხული მოდის და ტურისტების სიმრავლე უკვე თვალსაჩინოა. ამ მიზნით კეთილმოწყობის სამსახური აქტიურად მუშაობს, აწესრიგებს გორში არსებულ სკვერებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს და სხვა არსებულ ინფრასტრუქტურას. დამატებით ირგვება ნარგავები და ყვავილები, რაც კიდევ უფრო ალამაზებს ჩვენს ქალაქს. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში საგზაო მონიშვნების დახაზვა იგეგმება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.