22 მაისი 2019
,,ევროპის დღეები 2019"-ის დახურვის ღონისძიება ,,მე-ევროპელი" კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე არტ-ვილა გარიყულაში მოეწყო. ღონისძიებას შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპლაიტეტში მცხოვრები უფროსკლასელები და სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს ევროპა-საქართველოს პარტნიორობასა და განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და შეკრებილებს ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხა საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ღონისძება პოსტერების კონკურსის „საქართველოს ევროპული გზა“ გამარჯვებულის დაჯილდოებით დასრულდა.