21 მაისი 2019
წყალტუბოში ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. ასევე, ღონისძიებაში სახელმწიფო რწმუნებულებმა, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში რეგიონული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის პერსპექტივებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და თვითმმართველობის მიერ ფინანსების დამოუკიდებლად განკარგვის საკითხს. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტების სწრაფ და ეფექტურ განვითარებას. რწმუნებულმა რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც გააკეთა აქცენტი, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
ღოონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე, მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ პოტენციალზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, განათლების რეფორმასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, რეგიონების რწმუნებულებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.