Logo

სოფელ ფლევში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა შენდება

18 ივნისი 2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერეს. სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რაზეც 3 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. 
350 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე. მშენებლობა ევროსტანდარტების მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობს. გამოყენებულ სამშენებლო მასალებს გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერტიფიკატი. სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით, მოეწყობა ღია და დახურული სპორტული მოედნები.

,,ფლევის საჯარო სკოლის მშენებლობა მალე დასრულდება და განახლებული სასწავლო წლიდან მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სკოლის შენობით ისარგებლებენ. გარდა ფლევისა, სკოლა მიმდებარე ორი სოფლის მოსწავლეებსაც მოემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ყველა პირობა ჰქონდეთ განათლება სრულფასოვან გარემოში მიიღონ, ფლევის საჯარო სკოლა კი ამ შესაძლებლობას იძლევა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობას თუ გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.