Logo

შიდა ქართლის რწმუნებული ლამისყანელ ეტალონ მოსწავლეს შეხვდა

10 ივლისი 2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დავით ბეინაშვილი 2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი'' გამარჯვებული მოსწავლეა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ინტელექტ-თამაშის ,,ეტალონი" ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდნენ. შეხვედრა ლამისყანის სკოლაში მოეწყო, რომელსაც ეტალონ მოსწავლესთან ერთად მისი პედაგოგები და პროექტის ,,დამანახე შენი სოფელი" გამარჯვებული ბავშვები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ამ პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების როლზე ისაუბრეს. ,,განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს ჩვენმა ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დავითია. თავისი მონდომებითა და შრომით ,,ეტალონი" მოსწავლე გახდა, რაც სხვა მოსწავლეებისთვის აუცილებლად გახდება მოტივაცია. სრულფასოვანი განათლების მისაღებად კი მნიშვნელოვანია სკოლა და სკოლის გარემო. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიროიტეტია განათლების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ლამისყანის საჯარო სკოლაში წელს გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. გაკეთდება ღობე, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა და დამონტაჟდება პანდუსი" - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. შეხვედრის ბოლოს რწმუნებულმა ეტალონ მოსწავლეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.