Logo

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები ატენის ხეობაში მდებარე ბობნევის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

26 ივლისი 2019

ატენის ხეობაში, სოფელ ბობნევში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ასოციაცია „ტონთიოსთან“ ერთად თანადაფინანსების პროგრამით ახორციელებს. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12 - დან 16 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ ბანაკში უფასოდ დაასვენონ. „საზაფხულო ბანაკი 2019“ 200 ბავშვს ოთხ ეტაპად უმასპინძლებს.

დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. ახალგაზრდები საველე პირობებში, კარვებში იცხოვრებენ. ბანაკის მონაწილეებს შიდა ქართლის სახელწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდნენ. დაათვალიერეს გარემო, მოზარდები გაიცნეს და მათგან შთაბეჭდილებებიც მოისმინეს. ,,მიხარია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ საინტერესოდ გაატარონ ზაფხული, გაიცნონ თანატოლები, ჩაებან სპორტულ თუ შემეცნებით აქტივობებში, ეს თავის მხრივ მათ დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების განვითარებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას". - აღნიშნა რწმუნებულმა.

მოზარდების შერჩევა კონკურსის წესით განხორცილდა, რაც აპლიკაციის გადარჩევასა და გასაუბრებას ითვალისწინებდა. უპირატესობა მიენიჭათ მრავალშვილიან, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს.