21 სექტემბერი 2019
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივებს კონსულტაციები ჩაჩავას, ჟვანია-კარაფსმედლაინის, ჯავრიშვილისა და ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ადგილზე ესარგებლა ფტიზიატრის, ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, უროლოგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ტრამვატოლოგია და ფსიქოლოგის კონსულტაციით, ასევე საჭიროებისამებრ ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევაც.
სამედიცინო კვლევების აქციაზე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე იმყოფებოდნენ. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სამედიცინო კვლევები სამომავლოდაც იგეგმება, რათა მოსახლეობას ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად და უფასოდ გაეწიოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. აქციაში, გარდა მერეთისა და სამთავისის მოსახლეობისა, ახლო მდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც ჩაერთვნენ.
აქციის ფარგლებში, ბავშვთა კვების კომპანიამ ,,ჰუმანა" 100-მდე პატარას საჩუქრად გერმანული წარმოების ბავშვთა კვების პროდუქტები გადასცა.