11 ოქტომბერი 2019
უფლისციხის მუზემ-ნაკრძალის ტერიტორიაზე აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის სახემლწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნეს.
მინისტრმა და რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას.
2013 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, სახელმწიფო პროექტების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები უკვე სახეზეა.
• შეიქმნა 26 ახალი და გაფართოვდა/გადაიარაღდა 104 საწარმო;
• 1 973 ჰა ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღები;
• შეიქმნა 76 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
• წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა 30 400 ჰა შეადგინა.
რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, ფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ფორუმის მონაწილეებს სახელმწიფო აგროპროექტების, რეგიონის ტურისტული პოტენციალის, HORECA მიმართულების განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, აწარმოე საქართველოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრები ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.
აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციისა და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით.
ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები.
ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.