12 ნოემბერი 2019
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ხაზი გაუსვა პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობას. როგორც საუბარში აღნიშნა, პროგრამის მიზანია დააჩქაროს იმ სექტორების ზრდა, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის და მიკრო, მაკრო და საშუალო საწარმოების მოგების გაზრდის პოტენციალი. პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორის, ეკონომიკური აქტივობების გაფართოებას ტურიზმსა და სხვა სექტორებში.
შეხვედრაზე მხარეებმა შიდა ქართლის რეგიონის ჭრილში იმსჯელეს იმ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რასაც აღნიშნული პროგრამა იძლევა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს პროექტის წარმატებულ განხორციელებას.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ყოველი ახალი პროექტი რეგიონისთვის კარგი გამოცდილების მომტანია, მით უფრო, როცა პროექტები თავის მხრივ გულისხმობს რეგიონის ფინანსურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და კვალიფიცაკიის გაუმჯობესებას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
პროექტის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში პროგრამა ხელს შეუწყობს სულ მცირე, 4000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 600 დიდი, მცირე და საშუალო საწარმოს გაძლიერებას. ასევე, მხარდაჭერილი საწარმოების გაყიდვების 50 მილიონი აშშ დოლარით გაზრდას და 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას შექმნილი თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამა მოიცავს 4 კომპონენტს - სამიზნე სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერებას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ეფექტურობის რეალიზაციისა და ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და მათ მიერ ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნის მხარდაჭერას; სექტორების მოთხოვნის შესაბამისი ძალის განვითარებასა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეწყობას.