Logo

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შემოქმედებითი წრეების რაოდენობა 4-დან 32-მდე გაიზარდა

04 ნოემბერი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურულ-შემოქმედებითი წრეები დაფუძნდა. ამიერიდან, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ადგილზე დაეუფლონ ცეკვას, სიმღერას და სხვადასხვა სამუსიკო ინსტრუმენტს. აღსანიშნავია, რომ სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებისას ხშირად გაჟღერდა შემოქმედებითი წრეების დაფუძნების საჭიროება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან. საკითხის გადაჭრის მიზნით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ასევე, თიღვის, ქურთისა და ერედვის გამგეობებთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც წრეების რადენობა 4-დან 32-მდე გაიზარდა.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში იმყოფებოდა და გაკვეთილების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ასევე, პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა. სოფელი დიცი ერთ-ერთია იმ სოფელთაგან, სადაც ცეკვისა და გიტარის შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს. ,,ახალგაზრდების განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი აქვს სახელოვნებო და შემოქმედებით წრეებში ახალგაზრდების ჩართულობას. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები, რათა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, ეს არის მოსახლოების ჩართულობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.