06 დეკემბერი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან, კასპის მაჟორიტარ მაჟორიტართან ირაკლი მეზურნიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
ქალაქ კასპში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტის შესაბამისად 2-სართულიანი ინოვაციური ცენტრი შენდება. გარდა ტექნოპარკისა, იმავე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელიც შენდება, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი. ინოვაციების ცენტრში შესაძლებელი იქნება ტრენინგებისთვის, ვორქშოფების და პრეზენტაციების გამართვა სპეციალურად ამისათვის მოწყობილ სივრცეებში; ნებისმიერი მსურველისათვის საგანგებო სამუშაო სივრცეებში მუშაობა. ინოვაციების ცენტრებში იქნება ფაბლაბი/Maker Space, რაც გულისხმობს სივრცეს შემოქმედი ადამიანებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით შექმნას თავისი იდეის ან გამოგონების პროტოტიპი. ასევე, აწარმოოს მცირე რაოდენობის პროდუქცია და დაიწყოს ბიზნესი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და დასრულება იგეგმება 2020 წლისათვის.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინარეხსა და კოდისწყაროში თანამედროვე სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ადგილობრივი მოსწავლეები და პედაგოგები მომავალი წლის შემოდგომიდან განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
გარდა მიმდინარე პროექტებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კასპში, ახლარეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს. კასპის ცენტრალური სტადიონი რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. პროექტის ფარგლებში ადგილზე 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და პრეს-ლოჟა მოეწყო, მოედანზე უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ საფარი დაიგო, დამონტაჟდა განათების სისტემა და განახლდა სპორტული სკოლის შენობა, რომელიც ადმინისტრაციულ ნაგებობას და გასახდელებს მოიცავს. ახალი სტადიონის ტერიტორიაზე ერთი სტანდარტული ზომის და ერთი მინი მოედანია.