Logo

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

24 დეკემბერი 2019

სტადიონის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.
,,რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ხაშურის სპორტული კომპლექსი, კასპის საფეხბურთო სტადიონი. ხაშურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი კი მომავალ წელს გაიხსნება და თითოეული პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.