Logo

სუპერლიგის 2020 წლის ,,ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას ხაშურმა უმასპინძლა

30 იანვარი 2020

შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის ახალაშენებულ სპორტული კომპლექსში სუპერლიგის ,,ყველა ვარსკვლავის" მატჩი პირველად გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციისა და ხაშურის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

ყველა ვარსკვლავის მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი მოთამაშეებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ. ვარსკვლავების მატჩთან ერთად გაიმართა კონკურსი სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში. შეხვედრა ქართველი მოთამაშეების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თამაშის დაწყების წინ კი სპორტსმენებმა და მაყურებლებმა ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის - კობი ბრაიანტის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მატჩს კალათბურთის ადგილობრივ გულშემატკივართან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მიხარია, რომ ისეთი დონის მატჩს, როგორიც ,,ყველა ვარსკვლავის" მატჩია, ამჯერად შიდა ქართლი მასპინძლობს. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და სპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას." - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.