Logo

შიდა ქართლში ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფებოდა

24 თებერვალი 2020

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებული ვითარებით დაინტერესდა.

კონგრესის პრეზიდენტი - ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან, საქართველოს პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში - სოზარ სუბართან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტებთან - გიორგი ტყემალაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნენ.

ანდერს კნაპეს განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები უკანონო და მიუღებელია, რაც უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტად უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების განხილვა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კონგრესის დელეგაცია უფლისციხესაც ეწვია, სადაც სტუმრებმა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.