Logo

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადება პრემიების შესახებ

22 მაისი 2013

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ინფორმაცია ცალმხრივად, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ყოველგვარი კომენტარის გარეშე გავრცელდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოთქვა გუბერნატორთან გასაუბრების სურვილი იმ დროს, როდესაც ანდრო ბარნოვი მოქალაქეებს ხვდებოდა. ჟურნალისტი არ დაელოდა გუბერნატორის კომენტარს და არც სხვა თანამშრომელთან გასაუბრება სცადა. ამიტომ, გვსურს, მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია რეალური მდგომარეობის შესახებ. ,,ახალმა ხელისუფლებამ სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტში საერთოდ არ გაითვალისწინა წარმომადგებლობითი ხარჯები მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორის თანამდებობა ითვალისწინებს ძალიან ხშირ საქმიან შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამჟამად ეს თანხები უშუალოდ გუბერნატორისა და გუბერნატორის მოადგილეების პირადი სახსრებიდან იფარება. გუბერნატორისა და მისი მოადგილეებისთვის პრემიის გამოწერისას გადამწყვეტი სწორედ ეს რეალობა იყო. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გუბერნატორის პრემია ყოველთვის ხელფასის მოცულობით გაიცემოდა, ჩემი მოთხოვნით კი ეს თანხა 2/3-მდე შემცირდა. გარდა ამისა, მე უარი ვთქვი საცხოვრებელი სახლის ქირაობაზე გორში, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტს წელიწადში 12 ათასი ლარი უჯდებოდა, იმისათვის, რომ ადმინისტრაციის შეუსაბამოდ შემცირებული ბიუჯეტისთვის ელემენტარული შესყიდვების საშუალება გაჩენილიყო. უარი ვთქვი სამივლინებო თანხის აღებაზე გერმანიაში ვიზიტისას, რათა ბიუჯეტს ეს ზედმეტ ტვირთად არ დაწოლოდა. ანდრო ბარნოვს მიაჩნია: ,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი მაქსიმალურად მომჭირნე მიდგომის შესახებ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ახალი ხელისუფლების საბიუჯეტო თავაშვებულობასთან, როდესაც თანამდებობის პირები ხელფასის ორ, სამ, ოთხმაგ მოცულობას იწერენ პრემიებად იმ პირობებში, როდესაც მათ ყველა სხვა ხარჯი დაფინანსებული აქვთ.“