Logo

რძის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნებიერა“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

02 მაისი 2020

გორში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნებიერა“, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საწარმო რძის პროდუქტებით შიდა ქართლის რეგიონის გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც ამარაგებს. ,,ნებიერაში" ორი სახის ყველი, პასტელიზებული რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო და ნადუღი იწარმოება. რძის პროდუქტის შეძენა როგორც საწარმოში, ისე სადისტირბუციო მანქანების მიერ ადგილზე მიწოდებით ხდება. ამჟამად, საწარმოში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული. შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საწარმოში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეგიონში საწარმოების შეუფერხებლად ფუნქციონირება. ,,არსებული ვითარების მიუხედავად, შიდა ქართლში არ შეუწყვეტია მუშაობა იმ საწარმოებს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქციას აწარმოებენ. ერთ-ერთი ასეთია ,,ნებიერა“, რომლის პროდუქციის გავრცელებაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება.“- აღნიშნა რწმუნებულმა. საწარმო „ნებიერა“ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა გარკვეული პერიოდი აღარ ფუნქციონირებდა. ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს აქვს გადაეცემული, რომელმაც მუშაობის განახლებასთან ერთად, დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებასაც აიღო.