Logo

საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ

12 თებერვალი 2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება და ხაზი გაუსვა პროცესში რეგიონების ჩართულობის მნიშვნელობას.  საზღვარგარეთ დროებითი სეზონური დასაქმების შესაძლებლობას, წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს სახელმწიფო რწმუნებულებმა და პროცესში აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.
 
სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს – (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს, დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება შრომითი და სოციალური უფლებების დაცვით.
 
სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.