Logo

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა

16 თებერვალი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზემო ნიქოზში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს რეგიონის განვითარების კუთხით საკუთარი ხედვა გააცნო და ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, ადგილობრივებთან პირდაპირი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის უშუალო ჩართულობა, საკითხების დროული გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.


,,ადგილობრივების საჭიროებების მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებით დავიწყე რწმუნებულის პოზიციაზე საქმიანობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით შეხვედრები მიმდინარეობს და დღეს ზემო ნიქოზელებს შევხვდით. ადგილობრივებისგან პირადად მოვისმინეთ, თუ რა მოგვარდა და კიდევ რა პრობლემებია სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები განვახორციელეთ, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რასაც ერთობლივი მუშაობის შედეგად აუცილებლად მოვაგვარებთ. ზემო ნიქოზი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და აქაურ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.“ - აღნიშნა რეგიონის რწმუნებულმა.


მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზემო ნიქოზში გარე განათება მოეწყობა. ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული და რწმუნებულის მოადგილეები ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს, მეუფე ისაიას შეხვდნენ. მოგვიანებით კი ნიქოზში მდებარე ამბულატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ამბულატორია ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ და მარტივ ტესტირებას ახორციელებს.