Logo

მამუკა საღარეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

17 თებერვალი 2021


შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფლისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც განიხილეს. მამუკა საღარეიშვილის თქმით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად განსაზღვრონ სოფლის საჭიროებები. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს, თვითმმართველობის განვითარებას.

,,ვაგრძელებთ ადგილობრივებთან შეხვედრებს. ამჯერად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის მოსახლეობას შევხვდით. ერთობლივად ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებზე, რაც მუნიციპალიტეტისთვის და კონკრეტულად, ბრეძის მოსახლეობისთვისაა პრიორიტეტული. მეც, ჩემის მხრივ გავაცანი ჩვენი ხედვა და ინიციატივები, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად სამომავლოდ განვახორციელებთ.“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

შეხვედრაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელში სკვერი მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ სკვერის მოწყობის ინიციატივა ადგილობრივ პატარა ბიჭს - ცოტნეს ეკუთვნის, რომლის იდეასაც სოფელის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.