Logo

შიდა ქართლის რწმუნებული მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

28 თებერვალი 2021

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში იმყოფებოდა, მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ასევე, შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივებმა იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რაც სოფლისთვის პრიორიტეტულია. მათი თქმით, აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევთ, მათი ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიონ განსახორციელებელი პროექტი. როგორც ქვიშხეთის, ისე ჩორჩანას მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ორივე სოფელში სანიაღვრე სისტემები მოეწყობა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონში ყოველდღიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ქვიშხეთსა და ჩორჩნაში სანიაღვრე სისტემები მოეწყობა. პროგრამის უპირატესობა იმაშია, რომ მოსახლეობა თავად არის გადაწყვეტილების მიმღები, ეს კი მნიშვნელოვნად აძლიერებს თვითმმართველობის პროცესს" - აღნიშნა რწმუნებულმა. ,,ჩორჩნა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია და ადგილობრივებს ჩვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. რაც შეეხება ქვიშხეთს, იგი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა, რომელსაც განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს. სულ ცოტა ხნის წინ აქ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენია რეგიონისთვის" - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.