Logo

ოსიაურში 1921 წლის 4-6 მარტს გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი გაიხსნება

04 მარტი 2021

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, სწორედ იმ ადგილას, სადაც 1921 წლის 4-6 მარტს ქართულმა არმიამ დედაქალაქის დატოვების შემდეგ ბრძოლა გამართა, ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში აღიმართა ჯვარი და ქართველი გმირებისა და იუნკერების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაანონსდა მემორიალის გახსნა. ასევე, აშენდება ტაძარი. სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 
ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური ზაზა შალამბერიძე დაესწრნენ.
 
1921 წლის 4-6 მარტს ქართული არმიის მთვარსარდალ კვნიტაძის და გენერლების, მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის მეთაურობით წითელი არმიის წინააღმდეგ კონტრშეტევა განხორციელდა. ხაშურში განთავსებული იყო მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა ევალებოდათ იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს. ოსიაურთან შეტაკებისას 120 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.