საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მამუკა საღარეიშვილთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა.
200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს, როგორც გრძელვადიან, ასევე, მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს, მათ შორის: ელექტროობა, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.