შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ამოცანებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობას და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. ამავდროულად, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.