Logo

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლა გაიხსნა

16 მარტი 2021

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ორსართულიანი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობის გარდა მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი.
 
ახალი სკოლის გახსნის ღონისძიებას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,დღეიდან სოფელ მეჯვრისხევს ახალაშენებული და თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა მოემსახურება. ვულოცავ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს. განათლების მიღების პროცესში არანაკლები მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ჩვენი მთავრობის ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტი როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. პანდემიის მიუხედავად რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების სამშენებლო სამუშაოები. გასულ წელს შიდა ქართლში 5 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა, წელს კი 3 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
 
სოფელ პატარა მეჯვრისხევში არსებული საჯარო სკოლა ამორტიზირებული იყო, რის გამოც ბავშვებს სიარული სოფელ აძვის საჯარო სკოლაში უწევდათ.