22 მაისი 2013
გუბერნატორის შეფასებით, ადამიანების დევნა, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან, დასაგმობია. გუბერნატორი გორის გამგებელს მოუწოდებს, "ფაქტების შესწავლის გარეშე არ მიიღოს გადაწყვეტილება და პროფესიონალი ადამიანები სამსახურიდან არ გაათავისუფლოს". "თავდაპირველად ირმა პაპუნაშვილს და დავით ზოზიაშვილს აიძულებდნენ განცხადებების დაწერას და სამსახურის დატოვებას, რაც მათ არ გააკეთეს. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რომ ქალბატონი ირმას წინააღმდეგ ეთიკური ნორმების დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საინტერესო ისაა, რომ ასეთი დარღვევა არსად დასტურდება. საუბარია გასული წლის 12 მაისის ფაქტზე, როდესაც კახი კალაძე სოფელ შინდისში მოსახლეობას ხვდებოდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში დევს, სადაც კარგად ჩანს, რომ ქალბატონი თავიდან მშვიდად დგას. მას ჟურნალისტი რამდენჯერმე ეკითხება, რატომ არის მოსული. ასეთი შეკითხვები აქვს რამდენიმე ადამიანსაც, რაზეც ქალბატობნი ირმა აფიქსირებს თავის აზრს, რომელშიც არ ჩანს არც ზეწოლა და არც ვინმეს შეურაცხყოფა. სრულიად წარმოუდგენელია ამ ფაქტის განხილვა ეთიკური ნორმების დარღვევად. მე მინდა, ვთხოვო გორის გამგებელს პაპუნა კობერიძეს, კარგად შეისწავლოს ეს საკითხები და ჩვენ ერთად არ დავუშვათ ადამიანის უფლებების და მათი დევნის ახალი ფაქტები. ვიცხოვროთ ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში და მივცეთ პროფესიონალებს მუშაობის საშუალება, ესაა ჩვენი საერთო ინტერესი. ქალბატონი ირმა და ბატონი დავითი არ არიან ხელწამოსაკრავი ადამიანები, მათ აქვთ დიდი მხარდაჭერა მიმდებარე სოფლებში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ მხარდაჭერის დემონსტრირება არავის დასჭირდება", - განაცხადა ბარნოვმა და იმედი გამოთქვა, რომ "ეს სიტუაცია მშვიდ ვითარებაში დარეგულირდება".