საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაფაელ ჟოზანმა ხელი მოაწერეს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას. ხელმოწერის ცერემონიას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა დუგლაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე ესწრებოდნენ.
პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში, აშენდება 170 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტირდება და აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი, აშენდება წყალმომარგების სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, გადამცემი ხაზები და სადისტრიბუციო ქსელები. ასევე, ჩატარდება ქალაქის საკანალიზაციო ქსელის, მათ შორის, კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ძველი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად აშენდება ახალი ნაგებობა.
ხელშკრულება სამშენებლო სამუშაოებზე, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს გაფორმდება და სამუშაოები 5 წელიწადში ეტაბობრივად დასრულდება. შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები დაახლოებით 44 000 ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ - სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს, დაიწყება სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები.
პროექტის საორიენტაციო ღირებულაბ 63 მილიონი ევროა, რომელიც მოიცავს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს 58 მილიონ ევროს დაფინანსებას, ევროკავშირის გრანტს 7,150,000 ევროს ოდენობით და სახელმწიფო დაფინანსებას დაახლოებით 11 მილიონი ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.