Logo

გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

07 აპრილი 2021

გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 გრძივ მეტრს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც საავტომობილო გზის, ისე საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. გარდა ამისა, იგეგმება სკვერის, გარეგანათების, მოაჯირებისა და დეკორატიული სკამების განთავსება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
 
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა დაათვალიერეს. როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში წელსაც აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და 2021 წელს შიდა ქართლში 21 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ფინანსდება. ,,გოგოებაშვილის ქუჩის უკვე რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის მეორე მონაკვეთიც, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, სანაპიროს მიუყვება. შესაბამისად, გარდა საავტომობილო გზისა და საფეხმავლოებისა, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და მიმდებარე ტერიტორია გაწვანდება." - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ გოგებაშვილის ქუჩის პირველი მონაკვეთი 2018 წელს რეაბილიტირდა. საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის, საავტომობილო გზისა და საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაციასთან ერთად ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. ქუჩის ორივე ნაწილის სარეაბილირაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა.