დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს მამუკა საღარეიშვილს, გორისა და ატენის მიტროპოლიტს მეუფე ანდიას, მუნიციპალიტეტების მერებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეაფასეს. ასევე, მოსალოდნელ პროგნოზებზეც იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას.
როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, შიდა ქართლში ამ დროისთვის დადებითი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ არის, თუმცა მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლდება. „მართალია, შიდა ქართლში შემთხვევების საგანგაშო მატება ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით, უკვე რამდენიმე დღეა, იმატებს შემთხვევები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ვისაუბრეთ ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ რესურსებზე როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის კუთხით", - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.