ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დირბში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრეები და დაიგება 535 გრძივი მეტრის გზა. სამუშაოებზე 335 000 ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება სასმელი წყლის პროექტს, მისი ღირებულება 300 000 ლარზე მეტს შეადგენს. დაგეგმილია სატუმბი შენობის რეაბილიტაცია, დრენაჟისა და წყალშემკრები ჭების გაწმენდა, ასევე, წყალსადენის სადაწნეო მაგისტრალური მილსადენის მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გზების, სასმელი წყლის სისტემების, სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას, თითოეული პროექტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე.
,,რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული შესრულებული სამუშაო პასუხობდეს ადგილობრივების საჭიროებებს.“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.