18 ივნისი 2014
ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე ორასამდე ადგილობრივი კომპანია იყო მიწვეული. ახალი სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ არის ახალი ინიციატივა,რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდა. მისი მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოს შექმნის მხარდაჭერაზე. ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა და ისარგებლოს იმ ხელშეწყობის მექანიზმებით, რომელიც პროგრამით არის გათვალისწინებული. კერძოდ, მეწარმეს შეუძლია ახალი საწარმოს შესაქმნელად პროგრამაში მონაწილე რომელიმე ბანკში წარადგინოს პროექტი და აიღოს შეღავათიანი სესხი, ასევე სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღოს უძრავი ქონება მასში საწარმოს ამოქმედების პირობებით. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო უნდა ახორციელებდეს ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ან უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ სექტორების მიხედვით, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული (მაგალითად: სამშენებლო მასალების წარმოება, ქიმიური წარმოება, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, მანქანათმშენებლობა და ა.შ.). სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. პროგრამის განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა კომერციული ბანკი. სახელმწიფომ პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით გამოყო 46 მლნ ლარი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი - 16 მლნ ლარი. დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამაზე ,, აწარმოე საქართველოში“ განთავსებულია www.qartuli.ge.