ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დასრულდა ამაღლებისა და სააჯიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს პერიოდში დასრულდება მათიაშვილის ქუჩის მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამივე პროექტზე ერთად 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები მოიცავს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებსაც შეხვდა. ,,საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრები ბავშვების თხოვნით, მალე ამ ქუჩაზე სტადიონი მოეწყობა. მიხარია, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ინიციატივას იჩენენ და იდეებს გვიზიარებენ, მით უმეტეს, როდესაც საკითხი სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეეხება. სურამი ერთ-ერთი გამორჩული საკურორტო ზონაა, როგორც რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მაქსიმალურად მოწესრიგდეს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაბის პოტენციალის გაზრდას.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.