შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. როგორც ვალერიან მჭედლიძემ აღნიშნა, უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება და შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. ,,სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები კვლავაც უმწვავეს გამოწვევად რჩება. ზაზა გახელაძის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულია სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზაზა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს.“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.