გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო სკრისა და ხელთუბნის საბავშო ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. ხელთუბანში შენობის სრული განახლება იგეგმება, შეიცვლება სახურავი და კარ-ფანჯრები, გამოიცვლება კომუნიკაციები და მოეწყობა ეზო.კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სკრის საბავშვო ბაღსაც.
სამუშაოების ფარგლებში შენობა სრულად რეაბილიტირდება, მასთან ერთად კი მოეწყობა ეზო, სათამაშო მოედანი და შენობის მიმდებარედ არსებული შიდა გზები. სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სააღმზრდელო დაწესებულებები ექნება და ადგილობრივი პატარები კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ განათლების მიღებას.