კასპის მუნიციპალიტეტის სოფელებში, ლამისყანასა და ქვემოჭალაში თავდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადის მიერ ადგილობრივის ვაქცინაცია განხორციელდა. მოსახლეობამ როგორც პირველადი, ისე მეორადი აცრა ჩაიტარა. გარდა კასპის მუნიციპალიტეტისა, ვაქცინაციის მსურველთა აცრა დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაშიც.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. "შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა, თითქმის ყოველდღიურად ხდება თავდაცვის მობილური ბრიგადების მიერ სოფლებში ადგილობრივების აცრა. აღსანიშნავია, რომ გარდა ჩვენი რეგიონის ქალაქების კლინიკებისა, აცრის პროცესი მიმდინარეობს ტყვიავის კლინიკასა და შავშვებისა და ნიქოზის ამბულატორიებშიც." რწმუნებულის მოადგილის თქმით, პანდემიის დროულად დამარცხების მიზნით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა.